- კონტაქტლინგვისტიკა
- კაცობრიობის ისტორიის მანძილზე, მაშინაც კი, როცა ბაბილონის გოდოლის მშენებლობა ჯერ არ იყო დასრულებული, ენათა შორის კონფლიქტები აუცილებლად გადადიოდა მათ კონკრეტულ მეტყველთა შორის კონფლიქტში. ენათა შორის ასეთნაირი ურთიერთობები ქმნის კვლევის სფეროს ისეთი დარგისათვის, რომელსაც «კონტაქტლინგვისტიკა» შეიძლება ვუწოდოთ. ამ დარგის ჩამოყალიბება 1950-იანი წლების დასაწყისიდან ითვლის თავის ისტორიას.პირველ ხანებში იგი სოციოლოგიური და ისტორიული ფაქტორების გათვალისწინებით შეისწავლიდა ენობრივ კონტაქტთან დაკავშირებულ შედარებით მარტივ მოვლენებს: სიტყვების სესხებას, მორფოლოგიურ და სინტაქსურ გავლენებს, კალკირებას და ა. შ.«კონტაქტლინგვისტიკა» პირველად შემოღებულ იქნა ენობრივ კონტაქტთა და კონფლიქტთა პირველ მსოფლიო კონგრესზე 1979 წლის ივნისში. იგი, ფაქტობრივად, წარმოადგენს მულტილინგვური კვლევების ინტერდისციპლინარულ დარგს. კონტაქტლინგვისტიკის სფეროში შედის სამი ძირითადი ობიექტი: ენა, ენაზე მეტყველი და ენობრივი სფერო. ბუნებრივია, რომ კონტაქტლინგვისტიკის სფეროში შედის ისეთი ენათმეცნიერული დონეები, როგორიცაა ფონოლოგია, სინტაქსი, ლექსიკა. მაგრამ ეს დისციპლინა თანაბრად მოიცავს დისკურსის ანალიზს, სტილისტიკასა და პრაგმატიკას. გარდა ამ წმინდა ენათმეცნიერული ობიექტებისა კონტაქტლინგვისტიკა ითვალისწინებს სოციოლოგიურ კატეგორიებსაც: ერს, ენობრივ ერთობას, ენობრივ საზღვრებს, მიგრაციას და ა. შ. ასევე მნიშვნელოვანია ენობრივი კონტაქტებისა და კონფლიქტების ტიპოლოგია, მულტილიგვიზმის კონკრეტული სახე და სხვა.Source: ლადარია ნოდარ. სოციოლინგვისტიკა : [სახელმძღვ. სოციალ. მეცნიერებების მაგისტრანტებისათვის / რედ.: ლია კაჭარავა] - თბ. : მეცნიერება, 2002
Georgian encyclopedia. 2013.